„ვიზეარი“ რჩება საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას-ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი გუშინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ვიზეარი" ქართულ ბაზარს ტოვებს.
ნათია თურნავას განცხადებით, კომპანია აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას.
"მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული.
ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „ვიზეარის“ არეალი გაფართოებულიყო.
ნათია თურნავას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, „ვიზეარი“ საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დაანონსებული.