ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. ცვლილება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
კერძოდ, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს და 2020 წლის 1 ივლისამდე ხელფასი არ მიუღიათ.
აღნიშნულ დადგენილებაში შესული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დამქირავებლის მიერ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, კომპენსაციის მიმღებ პირთა შესახებ განაცხადის წარდგენა ყოველ შემდგომ პერიოდებზე, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება.
''თუ დამქირავებელი მომდევნო თვეში არ წარადგენს ახალ განაცხადს, შემოსავლების სამსახური იყენებს წინა (ბოლო) მონაცემებს და მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა განაცხადი დადგენილ ვადებში წარადგინა. ამასთან, დამქირავებელს დამატებითი, განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის დამატება კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ბოლო განცხადება. დადგენილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისის თვეში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას. ამასთან, აღსანიშნავია რომ კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს'' - წერია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს მოუწოდებს 22 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა შესახებ.
დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751
https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898