ჩვენი პირობა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას საპარლამენტო კენჭისყრისას სრული მხარდაჭერა ექნება, ძალაშია - არჩილ თალაკვაძე

13 ივნისი 2020, 22:23 1708 ნახვა

ჩვენი პირობა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას საპარლამენტო კენჭისყრისას სრული მხარდაჭერა ექნება, ძალაშია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერით მიმდინარეობს. თალაკვაძის თქმით, პარლამენტი კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას 19 ივნისიდან დაიწყებს.

„გუნდის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენი პირობა, ამ სისტემას საპარლამენტო კენჭისყრისას სრული მხარდაჭერა ექნება, ძალაშია. 19 ივნისიდან პარლამენტო დაიწყებს ამ ცვლილებების განხილვას. მაღალი ალბათობით, ივნისის ბოლომდე უკვე შევძლებთ სამი მოსმენით დავამტკიცოთ ეს ცვლილებები იმ შემთხვევაში, თუ მას პარლამენტის ¾ დაუჭერს მხარს კენჭისყრაზე. მხოლოდ ამ რაოდენობის მხარდაჭერით არის შესაძლებელი, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტშივე დამტკიცდეს ეს ცვლილება და ძალაში შევიდეს. სხვა შემთხვევაში, ამაზე ნაკლები მხარდაჭერით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლია ორი მოწვევის პარლამენტს. ეს ნიშნავს, რომ თუ პარლამენტი ხმების ამაზე ნაკლები რაოდენობით დაამტკიცებს რომელიმე ცვლილებას კონსტიტუციაში, მისი დადასტურება უნდა მოხდეს მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ. სხვაგვარად ის ძალაში ვერ შევა. ეს არის პრინციპი, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო სტაბილური და როგორც ეს წარსულში ხდებოდა, ყველა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე არ მოირგოს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი