ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გაფორმდა  - თორნიკე რიჟვაძე

09 ივნისი 2020, 16:57 4230 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გაფორმდა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ადრე შერჩეულმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც პროცესი დროში გაჭიანურდა. 

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა შპს „მამისონთან'' გააფორმა. 

'' ზოგადად განვმარტავ პირველ რიგში მოსახლეობისთვის და ჩვენთვის ყველასთვის, რომ რამდენჯერმე მოხდა ამ პროექტის და ზოგადად ამ მნიშვნელოვანი სამუშაოების სხვადასხვაგვარი შეფასება. როცა სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება, ყველამ ვიცით, რომ ეს მოხდა იმ პროცედურებით, საერთაშორისო ტენდერით. სამწუხაროდ, იმ შერჩეულმა კომპანიამ, რომელიც იყო ადრე, ვერ შეასრულა ვალდებულებები, თუმცა ჩვენ მყისიერად შევწყვიტეთ ეს ტენდერი, გამოვაცხადეთ ახალი ტენდერი და ახლა დამიდასტურეს, რომ ხელი უკვე მოეწერა მშენებლობას'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი მარტში გამოაცხადა. წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ კი დეპარტამენტმა 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში შეწყვიტა. აღნიშნული ხელშეკრულებით, გზის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. 

​ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა. ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც ტურისტები თუ ადგილობრივები კურორტ ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილს უკავშირდებიან. 

ხულოდან კურორტ ბეშუმამდე მოსახვედრად 36 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის გავლას  ადგილობრივების თქმით 2 საათსა და 30 წუთს ანდომებენ. მიზეზი დაზიანებული გზაა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი