ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

09 ივნისი 2020, 14:25 2434 ნახვა

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსის გამოცდები 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ბარიერით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს.

''დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება.

ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს'' - აცხადებენ განათლების სამინისტროში. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ​გამოცდაზე პირბადეების ტარება რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად, როგორ მომსახურე პერსონალისთვის, ასევე აბიტურიენტებისთის.

''ასევე შენობაში დეზობარიერის გამოყენება. სანიტარული შესვენებები. სველი წერტილების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, საგამოცდო სივრცის სველი წესით დამუშავება, ეს არის ის მინიმალური მოთხოვნები რაც უნდა იყოს დაცული საგამოცდო სივრცეში.

თუ გამოცდების დროს ან გამოცდაზე მისვლამდე აბიტურიენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს ამისთვის მზად იქნება პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ასეთი აბიტურიენტი მიიღოს, ჩაუტარდეს შესაბამისი კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ტესტირება თუ ამას ოჯახის ექიმი ჩათვლით საჭიროდ. 2-3 დღით ადრე ჩატარებული ტესტირება ჩვენ საშუალებას მოგვცემს უსაფრთხოდ გამოვრიცხოთ კოვიდის არსებობა და აბიტურიენტი, რომელსაც შეიძლება ტემპერატურა მომატებულიც კი ჰქონდეს დავუშვათ საგამოცდო სივრცეში.

ჯანდაცვის სამინისტრო იქნება მუდმივი მზაობის რეჟიმში, მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი იმისთვის, რომ აბიტურიენტის მდგომარეობა და კოვიდთან დაკავშირებული რისკები გამოცდებზე დაშვებამდე იქნას შეფასებული თუ ამის საჭიროება დადგება'' - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის, თერმოსკრინინგისა და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები. აღნიშნული რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში