საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება. გიორგი გახარიას თქმით, მგზავრობისას დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
8 ივნისიდან იხსნება ასევე სასტუმროები და რესტორნები.
პრემიერის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. გიორგი გახარიას აღნიშნა, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები შემცირებულია, ინფიცირების წყაროები ცნობილი, ამიტომ შესაძლებელი იყო გარკვეული ტიპის შეზღუდვების მოხსნა.
''8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.
ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯის შემდგომ აუცილებელი პირობაა, შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოქალაქეებმა უნდა ატარონ პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად უახლოეს პერიოდში გამცნობთ მთავრობის ადმინისტრაცია'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.