საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
საბჭოს წევრებმა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები განიხილეს.
''ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება'' - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა საქართველოში 31 მარტს აიკრძალა.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი. კარანტინში კი იმყოფება 3 076 ადამიანი.