ყველაზე რთული და საპასუხიმგებლო პერიოდი იწყება ახლა - ნინო ნიჟარაძე

11 მაისი 2020, 11:00 2663 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეიდან გარკვეული ტიპის შეზღუდვები იხსნება და ყველაზე რთული პერიოდი იწყება. ნინო ნიჟარაძის თქმით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, ნიღბის ტარება და სოციალურად დისტანცირება. 

მისივე განმარტებით, აჭარაში 24 საათში, სამასამდე ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი კოვიდზე უარყოფითი იყო. 

''ამ ეტაპზე კარგი მდგომარეობა გვაქვს, კონტროლს დაქვემდებარებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სირთულე გადავლახეთ. ჩვენი პროგნოზით ყველაზე რთული და საპასუხიმგებლო პერიოდი იწყება ახლა, რადგან მკაცრი შეზღუდვების ფონზე მივიღეთ კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ეს რომ შენარჩუნდეს აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები. 

შემზღუდავი მექანიზმის მოხსნის პერიოდში აუცილებელია ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა. მასიურ თავშეყრას უნდა მოვერიდოთ. სამი და მეტი პირი არ უნდა ვიყოთ ახლო კონტაქტში. მოქალაქეებმა რესპირაციული ჩვენებების დროს უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. პირებს, რომლებსაც აქვთ ცხელება, პნევმონია ან სხვა რესპირაციული ჩივილები სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარება და ეს არეალი კიდევ გაფართოვდება, გაიტესტებიან ფარმაცევტები, სტომატოლოგები და მაღაზიების წარმომადგენლები. 

აჭარაში ათ დღეზე მეტია კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გვქონია. კლინიკა მედალფაში 14 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. დაგვემატა ერთი გამოჯანმრთელებული და სულ არის ჯამში 43 პირი. ისინი რეაბილიტაციის პერიოდს კარანტინში გადიან. ხუთთან ველოდებით გამოჯანმრთელებას'' - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ნიჟარაძემ. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, რეგიონში სულ 7 200 მეტი ტესტირება ჩატარდა. 

ბათუმში მიზნობრივი კვლევების ფარგლებში მოხუცებულთა თავშესაფრის 100-მდე ბინადარს და პერსონალს ჩაუტარდა ტესტი, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გამოკვლეული იქნება ასევე ფსიქიური პრობლემების მქონე მოხუცთა თავშესაფარიც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი