რა მოდელით ჩატარდება 2020 - ის არჩევნები?

10 მაისი 2020, 20:04 1604 ნახვა

2020-ის არჩევნების ირგვლივ დავა არ წყდება. ოპოზიცია 8  მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ თავად შეთანხმების კონტექსტს მხარეები განსხვავებულად აღიქვამენ. ხელისუფლებას ოპონენტები ახსენებენ, რომ მოლაპარაკების მთავარი ფაქტორი პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, თავად ხელისუფლებაში კი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფენ.

გიგი უგულავა, გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი - სწორედ მათ მიიჩნევს პოლიტპატიმრებად ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების მისაღწევად მათ გათავისუფლებას ითხოვს. „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს“ - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ამ განცხადებამ ოპონენტებს აფიქრებინა, რომ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და საარჩევნო მოდელზე დადებულ პირობასაც უკან წაიღებს.

გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებთან დაკავშირებით ანდრიუს კუბილიუსი  საგანგებო წერილში წერს, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ უგულავა, ოქრუაშვილი-რურუას დაკავება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მხარეების მიერ მიღწეულ შეთანხმებას. კუბილიუსი წერს, რომ სამწუხაროდ, მთავრობა არ ასრულებს შეთანხმებას, რაც მომავალი არჩევნების მიმართ ნდობას შეამცირებს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმება.  

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე წერილობით უპასუხა, რომ კუბილიუსის მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს . „ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს“ - ასეთია არჩილ თალაკვაძის პასუხი. მოკლედ, პანდემიის პირობებში პოლიტიკური პროცესები ცოცხლდება, ვინაიდან დრო არ ითმენს და არჩევნებამდე 6 თვე რჩება.

ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ექსპერტთა ნაწილი კი ამბობს, რომ პოლიტპატიმრების თემაზე შეუთანხმებლობის მიზეზით არჩევნების დღემდე მოქმედი მოდელით ჩატარება მომგებიანი ხელისუფლებისთვის იქნება, ამიტომ პოლიტოლოგები ოპოზიციას მეტი გონიერებისკენ მოუწოდებენ.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი