საქართველოში UNWTO-ის ეგიდით ტურიზმის ინდუსტრიის მომავალზე მინისტერიალი იგეგმება 

08 მაისი 2020, 16:30 782 ნახვა

საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენციისას გახდა ცნობილი.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას როგორც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის, ისე საკარანტინო სივრცეებში მოქალაქეების მომსახურების კუთხით. აღინიშნა, რომ ეს არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც საქართველო აუცილებლად გამოიყენებს.

UNWTO-ის გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმას და აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა ძალიან სწორი და წარმატებული ნაბიჯები, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „ტურისტულ მწვანე ზონებად“ სხვადასხვა კურორტის გამოყოფის შესახებ. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზეც, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ტურიზმის სფერო, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, არის ის კონკურენტული უპირატესობაც, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს პანდემიის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიცია და ადგილმდებარეობითა და ბოლო წლებში შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურით, შეუძლია, იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულება, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კი მაქსიმალურად შეუწყობს მას ხელს იმ მიზნობრივ ბაზრებთან კოორდინაციის პროცესში, რომლებიც საქართველოსთვის საინტერესოა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში