საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, ყველა შეზღუდვის ზედმიწევნით დაცვა მკაცრად გაკონტროლდეს. პრემიერი ხელმძღვანელ პირებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესაუბრა. გუბერნატორებმა გიორგი გახარიასგან მიიღეს დავალება, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში აკონტროლონ რეგიონებში ე.წ ცხელების ცენტრებისა და კოვიდით ინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე და სტანდარტებთან შესაბამისობა.
გუბერნატორებს ასევე დაევალათ, თითოეულ რეგიონში გამოყონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც 144-ის მიერ გადამისამართებულ მოქალაქეებს კვალიფიციურ ინფორმაციას მიაწვდიან ან შესაბამის დახმარებას გაუწევენ.ინფორმაციას, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ასევე ნათქვამია, რომ რეგიონების ხელმძღვანელი პირები, მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ ხედვას იმ ეკონომიკური ობიექტების შესახებ, რომელთა მუშაობის განახლება, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პრიორიტეტია.