ქობულეთიდან კოვიდ 19-ზე ტესტი 60-მდე ადამიანს აუღეს, მონაცემები ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვიდასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, ამ ანალიზების პასუხები დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ეცოდინებათ.
ქობულეთში ეპიდემიოლოგებმა მუშაობა გუშინ, 7 მარტს დაიწყეს, სოფელ გვარაში 53 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კოვიდ 19 დაუდასტურდა. ანალიზების ჩატარების შემდეგ კორონა ვირუსი დაუდასტურდა გვარაში მცხოვრებ 53 წლის ქალის მშობლებსაც და სხვა ოჯახის წევრებსაც. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცი მანამდე სამჯერ იმყოფებოდა ქობულეთის კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით.
ეპიდემიოლოგების მუშაობის შედეგად დაზუსტდა, რომ ინფიცირებულთა კონტაქტები საკმაოდ მასშტაბურია. ერთი დღით დაიკეტა ქობულეთის კლინიკა, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. თვითიზოლაციაში იმყოფება რამდენიმე მედპერსონალი.
ამ ეტაპზე უცნობია, გამკაცრდება თუ არა ქობულეთში შეზღუდვები, უწყება ტესტების პასუხებს ელოდება.