თუ წარმოადგენთ ერთ მგზავრს, რომელმაც ბილეთში 200 ევროზე მეტი გადაიხადა, მზად ვარ პასუხი ვაგო 

08 აპრილი 2020, 16:44 1442 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ ერთი  კონკრეტული მგზავრი დასახელდება, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში სპეცრეისით და ბილეთში 200 ევროზე მეტი თანხა გადაიხადა, მზად არის პასუხი აგოს.

დავით ზალკალიანის თქმით, ის არ საუბრობს ბილეთებზე, რომლებიც ადრე კომერციულ რეისებთან ბმაშია გაყიდული. 

„ძალიან დიდ სიცრუესთან და მავნებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მსგავსი სახის სიცრუის ტირაჟირება ხდება, მედია იქნება ეს, სოციალური მედია თუ სხვა საშუალებებით. ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი გადაყიდვა და სხვა ფასში ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია. იმიტომ, რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი სახელი გვარი და მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან. დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორე პირზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა.

რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, გთხოვთ, თუ ერთ მაგალითს, ან ერთ პიროვნებას, ერთ მგზავრს წარმოადგენთ, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში და გადაიხადა 200 ევროზე მეტი თანხა, ეს იქნება ინტერვიუს სახით, ან გამოვა ეს ადამიანი და იტყვის, რომ მან 200 ევროზე მეტი გადაიხადა, მე პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს ის ბილეთები, რომლებიც ადრე არის გაყიდული განსხვავებულ ფასად, იმ კომერციულ რეისებთან ბმაში, რომელიც „აირზენას“ ჰქონდა ადრე გამოცხადებული, სანამ დაიწყებოდა სპეცრეისები. ამიტომ ამის შესახებ ჩვენ მუდმივად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ უამრავი ადამიანია, რომელსაც ადრე გაცილებით განსხვავებულ ფასში, შესაძლოა, უფრო მეტადაც, კომერციულ ფასად ჰქონდა ესეთი ბილეთები, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში