საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ე.წ. სწრაფი ტესტები, რომელსაც მოქალაქეები ასე ელოდებიან საქართველოში გზაშია. ამ ეტაპზე 52 ათასი სწრაფი ტესტი ჩამოდის, 2 ათასი კი საქართველოშია.
ტიკარაძის თქმით, ჩამოსული ტესტების სანდოობის ხარისხს დაადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თუ ის მისაღები იქნება, მზად არიან უკვე 200 000 ჩამოიტანონ.
"ამ ეტაპზე საქართველოში გვაქვს PCR 2000 ტესტი, ე.წ. ოქროს სტანდარტი, დამატებით 10 000 შემოვიდა უკვე ქვეყანაში და გზაშია 18 ათასი. საერთო შეკვეთა კი ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტების 84 ათასია.
რაც შეეხება დაჩქარებულ ტესტებს, ადგილზეა 4 ათასი და გზაშია კიდევ 20 000. ველოდებით 24 ათასის ჩამოსვლას.
რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რომელსაც მოქალაქეები ელოდებიან და მას ფრთხილი გამოყენება სჭირდება, 2000 ქვეყანაში გვაქვს, ხოლო 52 ათასი გზაშია. მას შემდეგ, რაც ადგილზე მის სანდოობასა და მაღალ ხარისხს დავადასტურებთ, მზად ვართ შემოვიტანოთ კიდევ 200 000" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.