წირვა ლოცვები მრევლის გარეშე ჩატარდება - მეუფე საბას გადაწყვეტილება  

24 მარტი 2020, 12:33 2872 ნახვა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას გადაწყვეტილებით, წირვა ლოცვები მის ეპარქიაში მრევლის გარეშე ჩატარდება. მისი ტრანსლირება კი სოციალური ქსელით მოხდება - ამის შესახებ მეუფე საბამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.   

"შეზღუდვები განაპირობა კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ. ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების ინფიცირებულია და მისი გავრცელების რისკი ძალიან მაღალი. ჩემი გადაწყვეტილება, რომ მრევლის გარეშე აღვავლინო  მსახურება, იმ დიდი სიყვარულიდან გამომდინარეობს, რომელიც მათ მიმართ მაქვს" - განაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან იყო რეკომენდაციები თავი შეეკავებინათ ხატსა ან ჯვარზე მთხვევისგან, მამა საბა ამბობს, რომ მრევლი არჩევანის წინაშე არ დააყენა. "არ მინდოდა ადამიანები ჩამეყენებინა ამ მდგომაროებაში, აბა ვინ არ ემთხვეოდა ჯვარს?... ამიტომ, შეჯიბრი რომ არ ყოფილიყო, მე უფრო მეტი რწმენა მაქვს და ა.შ. მივიღე  გადაწყვეტილება, რომ მრევლმა ილოცოს დროებით სახლში.  ზოგადად შეზღუდვები, რომელიც ეკლესიებმა დააწესეს, შეჯიბრებითობის ხასიათი მიიღო, მე უფრო მეტი რწმენა მაქვს, ან უფრო ნაკლები. მე ჩავთვალე, რომ ამისგან უნდა დამეცვა ადამიანები" - განაცხადა მამა საბამ.

მისი თქმით, ამერიკაში უკვე არიან ინფიცირებული ქართველები, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ. ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად სოციალური დისტანცირების წესი დაეცვა, არ გამოვიდა.

"ძალიან რთულია ეს გადაწყვეტილება, მეც ძალიან გამიჭირდა მეთხოვა მრევლისთვის, სახლიდან ელოცათ. მაგრამ ეს არის ის, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ეკლესია ადამიანებზე ზრუნავს, მათი შესაკრებელია იგი. მეც კი არ ვიცი ვარ თუ არა ინფიცირებული, ყველას კარზე აკაკუნებს ეს ვირუსი, ამიტომ არავინ ვიცით რა მოხდება. 

"ჩემი მოწოდებაა - დღეს რომ გადავარჩინოთ ერთმანეთი, სახლი უნდა ვაქციოთ ეკლესიად. ოჯახი არის ეკლესია, ამას გვასწავლიან მამები," - განაცხადა მეუფე საბამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში