პრემიერი ამბობს, რომ ეეჭვება სკოლებში სწავლა 26 აპრილს აღდგეს 

17 მარტი 2020, 23:47 6831 ნახვა

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ სავარაუდოდ სასწავლო პროცესი ქვეყანაში 26 აპრილსაც ვერ აღდგება, ამბობს რომ ეეჭვება ამ ვადებში იმ გამოწვევებს უპასუხოს ქვეყანამ, რომლის წინაშე დგას პანდემიის გამო. 

“ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროვებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ რუსთავი ორის ეთერში.

26 აპრილამდე სკოლების გადადების დროს, გიორგი გახარიას თქმით, არსებობდა გეგმა თუ როგორ მოხდებოდა განაცდური დღეების აღდგენა, თუმცა აუცილებელი გახდება ახალი გეგმის წარმოდგენა და ამაზე მუშაობა დაწყებულია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში