აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაზაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც საინფორმაციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ორი პირი - საინფორმაციოს უფროსი, შორენა ღლონტი თანამდებობიდან გაუშვეს, ხოლო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს პოსტი გაუუქმეს და ტელევიზიის ახალი ამბების გუნდს ჩამოაშორეს.
აბაზაძის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა ტელევიზიაში, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გიორგი აბაზაძე, მაღალი წნევით საავადმყოფოში ერთი დღით გადაიყვანეს. ამის შემდეგ, დირექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 20:00 საათიანი გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნეს.
ჟურნალისტები ამ პროცესებს საკადრო წმენდას არქმევენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებული მაუწყებლის სამი მრჩეველი, მისივე არჩეული დირექტორის მხარდაჭერით, ახალი ამბებიდან უშვებს მათთვის არასასურველ კადრებს და ცდილობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელისუფლებო გავლენის ქვეშ მოაქციოს.
საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი აბაზაძე ფიქრობს, რომ მას უსამართლოდ სდებენ ბრალს გიორგი კოხრეიძესთან ალიანსში და ირწმუნება, რომ საბოტაჟის პირობებში უწევს მუშაობა.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის თანამშრომლების ის ნაწილი, რომლებიც ახალი ამბების ჟურნალისტებს უპირისპირდებიან, დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძესა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ვერძაძეს პარლამენტში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი აბაზაძემ განუცხადა, რომ მას საბოტაჟის პირობებში უწევს მუშაობა.
"ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ დღეებში ვინმემ ვინმეს დაავალა, რომ აღარ იყოს ხელისუფლების კრიტიკა. ჩვენ ვმუშაობთ საბოტაჟის პირობებში. ის, რომ მაია მერკვილაძეს გამოშვებამდე ერთი საათით ადრე უთხრეს, რომ უნდა წავიდეს სხვა პოზიციაზე, მეც მქონდა ამაზე ჩემი პოზიცია და გავედი აქციაზე. როცა მე მივედი ნიუსრუმში და მუშაობის საშუალება არ მომცეს, დამდეს ბრალი, რომ მე ვატარებდი გიორგი კოხრეიძის ნარატივს, მაშინ ეს უნდა დამიმტკიცონ" - ამბობს გიორგი აბაზაძე.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ გიორგი აბაზაძე ახალი ამბების ოთახში იშვიათად იმყოფება, უფრო მეტ დროს კი მაუწყებლის დირექტორთან ატარებს.
შეხვედრის შემდეგ კი, "ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე სპიკერმა ილია ვერძაძემ განაცხადა: "ჩვენ შევხვდით ჯერ ერთ ნაწილს, შემდეგ მეორე ნაწილს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პრობლემები, მაგრამ არსებობს წესდება და ამ წესდების მიხედვით უნდა გააგრძელონ ჟურნალისტებმა ბრძოლა. ის ემოციური კომპონენტი, რომელიც არსებობს აჭარის მაუწყებელში საზოგადოებას არ აწყობს. ჩვენ გვინდა საქმიანი მიდგომა და მაქსიმალურად ვემსახუროთ ჭეშმარიტებას - არაპროფესიონალების ჩარევა ამ სფეროში უფრო გააძლიერებს პრობლემას. ჩვენ მივცეთ უნდა ამ ხალხს პრობლემის გადაჭრის საშუალება".
სოფიო კილაძეს მანამდე იმ ჟურნალისტებთან ჰქონდა შეხვედრა, რომლებიც ფიქრობენ, რომ შრომითი უფლების შესახებ კანონის დარღვევით უშვებენ სამსახურებიდან, ავიწროებენ და უზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები არარეალურ საფრთხეებზე საუბრობენ და მაუწყებელი არ შეიცვლის სარედაქციო პოლიტიკას. მის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე სამი სარჩელი შევიდა.