ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს სამი პირი მოათავსეს - ისინი იტალიაში მოგზაურობდნენ 

06 მარტი 2020, 21:17 11087 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პირი მოათავსეს - ისინი იტალიაში მოგზაურობდნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორი მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს კი კლინიკას თვითდინებით მიმართეს. მათ მცირედით ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, მათ მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდათ კონტაქტი. იტალიიდან კი საქართველოში 26 თებერვალს დაბრუნდნენ.

​კიდევ ერთი პირი კი სარფის საბაჟოდან გადაიყვანეს. მას კონტროლის დროს ტემპერატურა 37.2 დაუფიქსირდა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების რეკომენდაცია გაიცა. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები გადაგზავნილია და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. 

''კლინიკაში დღეს სამი პირი მოთავსდა, მათი სტატუსი შეფასდა, როგორც კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევა, რადგან სამივე მათგანს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. მათგან ორი ერთად მოგზაურობდა იტალიაში. ერთი კი დამოუკიდებლად. ​​აქვთ ძალიან მსუბუქი რესპირატორული გამოვლინება. ცხელება 37.3, 37.

ერთ-ერთ პირს სარფის საბაჟოზე დაუფიქსირდა ტემპერატურა 37 და 2. და გადავიყვანეთ ინფექციურში. მან იტალია 26 თებერვალს დატოვა. ტრანზიტით შემოვიდა სარფში. 

რაც შეეხება ორის, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ, საცხოვრებლის გარდა სხვასთან კავშირი არ ჰქონდა. მცირე ტემპერატურა და თავის ტკივილი დაუფიქსირდათ. ძალიან სუსტად გამოხატული ანამნეზი იყო. იქედან გამომდინარე, რომ ასეთი მსუბუქი ნიშნებიც კი ყურადღებამისაქცევია ავიღეთ ანალიზი. ოჯახის წევრები იდენტიფიცირებულები არიან, მაგრამ ჯერ პასუხებს ველოდებით'', - განაცხადა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ნინო ნიჟარაძემ. 

სამივე პაციენტი 40 წლამდე ასაკისაა. 

გონიოში, საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე 30 მოქალაქე იმყოფება. მათ კავშირი ჰქონდათ რის ჯგუფის ქვეყნებთან. 

საქართველოში კორონავირუსის უკვე 9 დადასტურებული შემთხვევაა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი