იქმნება თუ არა სოციალურ ქსელში აჭარის ლიდერის ხატი

26 თებერვალი 2020, 14:11 3533 ნახვა

გუშინ, 25 თებერვალს, აჭარის მთავრობის ფეისბუქ ჩატში, სადაც ჟურნალისტებს პრესრელიზებს უგზავნიან, პრესამსახურის თანამშრომელმა შეცდომით ჩააგდო შეტყობინება, რომელიც, სავარაუდოდ, შიდა ჩატისთვის იყო განკუთვნილი. 

სკანდალური არა თავად შეცდომა, არამედ იმ შეტყობინების შინაარსი გახდა, სადაც ეწერა: "23 საათზე იცით, რომ ვართ უკვე სვოტში. გავაკეთებთ ლაივს თავმჯდომარის გვერდზე იმედიდან, მაგრამ თქვენი დახმარება იქნება საჭირო როგორც თავმჯდომარის, ასევე იმედის გვერდზეც. შემოგვასევენ ბოტებს და ორივეგან დაგვჭირდება ბრძოლა ;) ვთხოვოთ ჩვენებს" - დაწერა ჩატში ნონა კვასტიანმა. 

მოგვიანებით პოსტი წაიშალა და მთავრობის პიარსამსახურის მეორე თანამშრომელმა დაწერა, რომ მანამდე ჩავარდნილი კომენტარი, მისი თანამშრომლის ფანტაზიის ნაყოფი იყო, რომელსაც ჰქონდა სიცხე. თქვა, რომ ეს აჭარის მთავრობის მუშაობის სტილი არ არის. 

ამ განმარტებების პარალელურად, 23:00 წუთზე, მთავრობის გვერდზე დაიწყო გადაცემა, სადაც აჭარის მთავრობის პრესსამსახური "მისიანებს" იწვევდა თავდასხმის მოსაგერიებლად. 

აჭარის მთავრობის ლაივს 165-დან 200 ადამიანმა უყურა და 200-მდე კომენტარი დაიწერა. იქ შესული მაყურებლების დიდი ნაწილი, საჯარო მოხელეები იყვნენ. უფრო სწორად კი - ხულოს, ხელვაჩაურისა და ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. ასევე, ბათუმის მერიის აიპებისა და სიპების - სანდასუფთავების, ბათუმის წყლის, გამწვანების სამსახურების წარმომადგენლები. ლაივს უყურებდნენ, იწონებდნენ და ''გულავდნენ'' აჭარის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლებიც, ძირითადად პიარსამსახურის წარმომადგენლები. რამდენიმე შემთხვევაში კომენტარის ავტორი, პიარსამსახურის თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო. 

კომენტარებს  "ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის"  თანამშრომლები და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებიც წერდნენ. 

იყვნენ ისეთი პირებიც, რომელთა იდენტიფიცირება რთულია სოციალურ ქსელში, უმცირესობაში იყო მოქალაქეების იმ ნაწილის კომენტარები, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია და ფბ აქტივობით არ იყვნენ კავშირში "ქართული ოცნების" პარტიულ აქტივობასთან.   

გაცილებით დიდი აუდიტორია იყო იმედის ლაივზე, სადაც მოქალაქეებთან ერთად დიდწილად იწერებოდა საჯარო მოხელეების (შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების თანამშრომლების) კომენტარებიც. ასევე, ოცნების ქალაქში მცხოვრებლისა და პარტიასთან დაკავშირებული პირების, რომლებსაც სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის წევრებთან გადაღებული ფოტოები აქვთ განთავსებული.  

არც ერთ ლაივზე, მაინცდამაინც ე.წ. ბოტების ან ფეიკნიუსების გამვრცელებელბის აქტიურობა არ შეიმჩნეოდა, ძირითადად მხოლოდ გადაცემის სტუმარის - თორნიკე რიჟვაძის მხარდამჭერი ტექსტები იწერებოდა. 

აჭარის მაუწყებელმა, ყველა კომენტარს გადახედა და ამოიწერა გზავნილები, რომელსაც ამ ლაივზე წერდნენ მაყურებლები:  "აჭარის ლიდერი", "ასეთი ლიდერი აჭარას არ ჰყოლია", "ნამდვილი ლიდერი, რომელმაც იცის ხალხის საჭიროებები", "წარმატებები ღირსეულ ლიდერს" "ღირსეული და წარმატებული ლიდერი" "წარმატებული და საუკეთესო ლიდერი", ღირსეული ლიდერი" .

თავლშისაცემია სიტყვა - ლიდერი, რომელსაც იყენებს ყველა ის "მხარდამჭერი", ვინც თორნიკე რიჟვაძის ყველა გამოსვლასა თუ ახალ ამბებში წერს. მათ შორის, აჭარის საზოგდოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ფბ გვერდზეც. 

იქმნება თუ არა სოციალურ ქსელში ლიდერის ხატი და მობილიზებული მხარდამჭერების ეს მიზანმიმართული "სოციალური კამპანია" შეესაბამება თუ არა საზოგადოების განწყობას? იქმნება თუ არა ხელოვნურად ლიდერის მცდარი ილუზია? 

ჟურნალისტი ეკა ლორთქიფანიძე, აჭარის მაუწყებელთან ამბობს, რომ თუ პიარსამსახურის მიერ შერჩეული პიარსტრატეგია არ შეესაბამება რეალობას ან ახლოს არ არის მასთან, ეს პროპაგანდა უფროა, ვიდრე საზოგადოებასთან ურთიერთობა.  პროპაგანდა კი  ტყულის შეფუთვაა და არა სიმართლი სშელამაზება, რაც ევალება პიარსამსახურს. 

"მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ  პრ-ი ორმხრივი კომუნიკაციაა საზოგადოებასთან: ავრცელებ ინფორმაციას, შემდეგ იღებ უკუკავშირს მოქალაქეებისგან და ადეკვატურად რეაგირებ. პროპაგანდა კი ცალმხრივი კომუნიკაციაა, არ ინტერესდები რას ფიქრობს საზოგადოება და გაქვს შენი დღის წესრიგი. მთავარი განმასხვავებელი კი ისაა, რომ პრ შელამაზებული სიმართლეა, პროპაგანდა კი შეფუთული ტყუილი. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის არადემოკრატიულ მმართველობებს ახასიათებთ. პრ-ის მთავარი მიზანი ხომ პოზიტიური, რეალობასთან მიახლოებული, დადებითი რეპუტაციის შექმნაა, ამიტომ შეცდომები, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ პრ-ში, ძალიან რთულად გამოსწორებადია. ამ კონკრეტულ შემთხვევას თუ განვიხილავთ პრ ტექნოლოგიის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ თორნიკე რიჟვაძემ ბოლო ერთი წელია საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხისტი გამონათქვამებით, ჟურნალსტების, მოქალაქეების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მისამართით, ყველას ახსოვს ფრაზები "ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის, "დაოკდით" და ა.შ. ამიტომ რეიტინგული "ლიდერის" იმიჯის დამკვიდრება უფრო პროპაგანდას ჰგავს, ვიდრე საზოგადოებასთან ურთიერთობას. ხაზს გავუსვამ პრესსამსახურის მცდელობას, გამოესწორებინა შეცდომა, რომელიც დაუშვეს მათ. კრიზის მენეჯმენტის მართვა მათ ვერ შეძლეს, კიდევ უფრო გაამყარეს ეწვები, რომ მთავრობა პროპაგანდისთვის იყენებს გარკვეულ ჯგუფებს ონლაინ პლატფორმებზე და არ აღიარებს ამას, არ არის გულწრფელი საზოგადოებასთან" - ამბობს ეკა ლორთიქფანიძე.  

ჩვენ აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს რამდენიმე კითხვა დავუსვით, გვაინტერესებდა როგორ აკეთებდნენ მობილიზაციას სოციალურ ქსელებში, ვინ იყო აუდიტორია, ვისათანაც მუშაობდნენ? ასევე, თავად უგზავნიდნენ თუ არა იმ მთავარ მესიჯს, რომელიც მათ მთავრობის თავმჯდომარის გამოსვლების დროს უნდა დაეფიქსირებინათ? 

აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, მხოლოდ საჯარო განცხადებით ეპასუხა. მათ თქვეს, რომ ეს არ იყო მობილიზაცია, არ მუშაობს სპეციალური ჯგუფები და მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ებრძვის ფეიკ ნიუსებს და ე.წ. ბოტებს. 

"ბოლო პერიოდში სოციალურ სივრცეში გახშირებულია ინფორმაციის დამახინჯების ფაქტები. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმყოფება სრულ მზადყოფნაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით. გუშინ გავრცელებული შეტყობინებით, პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებს პირდაპირი ეთერის დროს მოსალოდნელი „ფეიქ-ნიუსების“ მონიტორინგისკენ და შეკითხვებზე საპასუხო რეაგირებისკენ მოუწოდა.

შეტყობინებაში ნათქვამია: „შემოგვასევენ ბოტებს და დაგვჭირდება ბრძოლა,“ რაც პრესსამსახურის თანამშრომლების სათანადო რეაგირებისკენ მოწოდებაა. ამ შეტყობინებას მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. საუბარია არა ხელოვნურად ვინმეს მობილიზებაზე, არამედ ე.წ. „ბოტებისგან“ და „ფეიქ-ნიუსებისგან“ - წერია პიარსამსახურის განცხადებაში. 

თორნიკე რიჟვაძის სოციალურ კამპანია, უკვე წელიწადზე მეტია "სიტყვა ლიდერზეა" აწყობილი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 17 ივლისს, ბათუმში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები იმყოფებოდნენ. ამ დღეს, რიჟვაძე პარტიის რეგიონალური თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს და კომენტარებში სწორედ ის თქვეს, რომ "ქართულ ოცნებას" რეგიონის ხელმძღვანელში ლიდერის თვისებები მოსწონს. 

"თორნიკე რიჟვაძე არის ლიდერი. ის არის როგორც მთავრობის ისე ჩვენი პარტიის ლიდერი აჭარაში.  შესაბამისად აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის, რომ ის მიიღებდა უმაღლეს პარტიულ თანამდებობას აჭარაში.  ის არის არაჩვეულებრივი პიროვნება, პროფესიონალი, ძალიან კარგად უძღვება თავის ძირითად საქმიანობას, ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობას და ვფიქრობ, ის იქნება საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელიც აჭარაში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

 

 

 

 

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი