საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული არასრულწლოვანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი. 17 წლის ალეკო შიუკაშვილი, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის ტყეში შეშას აგროვებდა.
მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უწყებაში ამბობენ, რომ გატაცებულის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.