ქობულეთში, ე.წ "ჭყონიას სასტუმროს" მიმდებარედ, ფიჭვნარის ტერიტორიაზე გუშინ 10-მდე ხე მოიჭრა. საუბარია ფიჭვისა და მაგნოლიის ხეებზე. ფაქტის ამსახველი ფოტოები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მერაბ ცინცაბაძემ გადაიღო.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ტერიტორია "კრისტალ ბილდინგს" ეკუთვნის, რომელსაც აღნიშნული ტერიტორია აჭარის ყოფილმა მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა.
"10-მდე ფიჭვისა და მაგნოლიის ხე გაიჩეხა, ეს არის კერძო ტერიტორია, რომელიც ყოფილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაასხვისა და იქ სასტუმროს ასაშენებლად 200 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ადრე იყო ნათქვამი, რომ ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო სასტუმრო, თუმცა ჩვენი ინფორმაციით პროექტი შეიცვალა და ის სასტუმრო-საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. პირი, რომელიც იქ სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობს გვიმტკიცებდა, რომ ტერიტორიაზე ერთი ხეც კი არ მოიჭრებოდა, ამბობდა, რომ პირიქით მოიტანდა და დარგავდა. ფაქტია, რომ მოტანის და დარგვის ნაცვლად ხეები მოთხარეს და ფუნდამეტის მომზადებას 10-მდე ასწლოვანი, მწვანე ნარგავი შეეწირა" - ამბობს აჭარის მაუწყებელთან საუბრისას მერაბ ცინცაბაძე.
ქობულეთში, ფიჭნარის ტერიტორიაზე ეს უკვე მეორე ინვესტიციაა, რომელის გამოც ხეები მასობრივად მოიჭრა. სანაპიროზე "ალიანს ჯგუფი" აშენებს სასტუმროს, ამიტომაც გასული წლის ნოემბერში 15 ძირი ხე მოჭრა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
მაშინ, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ამბობდა, რომ ეს ტერიტორია, დაახლოებით 30-ათასი კვადრატულ მეტრია, სადაც ხეები ჭრა ლიმიტირებული არ არის.
აჭარის მაუწყებელი ქობულეთის მერიას და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, ვკითხეთ რამდენი ხე მოიჭრა ბოლო პერიოდში ფიჭვნარის ტერიტორიაზე და ჰქონდა თუ არა ინვესტორს ხეების მოჭრის ნებართვა. უწყებების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.