ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

06 ოქტომბერი 2024, 11:48 318 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი, აჭარაში, მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. მავნებლის მოზამთრების ფაზაში გადასვლამდე, თერმული ნისლით განმეორებითი წამლობა მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში - ჩაისუბანში, ბობოყვათში, ხუცუბანში, დაგვაში, გვარაში, ხალასა და საჩინოში. მობილიზებულია 31 ერთეული სპეცტექნიკა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრისა და ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

"თერმული ნისლით წამლობა გეგმის მიხედვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. ქობულეთის შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში დამუშავებულია 1860 ჰა ფართობი.

 

ამ ეტაპზე, როდესაც აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და ამისთვის შენობებს ირჩევს, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური მეთოდების გამოყენება.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ აჭარაში, მალე, ნარინჯისფერი რთველი დაიწყება. მავნებელთან ბრძოლის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ციტრუსი გარკვეულწილად დაცულია, თუმცა, რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ფერმერებმა სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, საკუთარი ბაღები ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებით უნდა დაამუშაონ.

 

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება", - აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში