არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმიანებიან და მიაჩნიათ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება. მესამე სექტორის განმარტებით, გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებითაა პრობლემური. მათი თქმით, გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმართული საქმე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, იგნორირებული იყო დასავლელი პარტნიორების განცხადებები, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით უარი თქვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე.
12 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს - ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტონ ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება, ხელი შეუწყონ პოლიტიკური კრიზისის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტასა და პარტიული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად მოსახლეობის და ქვეყნის განვითარების ინტერესები დაისახონ.
უზენაისი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გუშინ გიგი უგულავას სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მესამე სექტორის განცხადება იხილეთ ვრცლად.