ბაღდათის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას ეკისრება - EMC

04 თებერვალი 2020, 16:49 1683 ნახვა

"ბაღდათში მომხდარი ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის"-ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის ცენტრი გუშინ მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას, დაძლიონ სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა.

"სოციალური დაცვის სისტემაში რესურსების სიმწირესთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზიანობა, იმდენად, რამდენადაც, ამ მეთოდოლოგიით ვერ ხერხდება სოციალურად მოწყვლადი შინამეურნეობების ეფექტიანი გამოვლენა"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ერთ-ერთ მწვავე პრობლემას მოსახლეობის საცხოვრებლის არარსებობა წარმოადგენს. 

"ქვეყანას არ გააჩნია ხედვა და პოლიტიკა თუ როგორ უპასუხებს სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებებს. ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფრაგმენტული ზომები მხოლოდ ცალკეულ უსახლკარო ჯგუფებს ხედავს, ხოლო დანარჩენი ჯგუფები, როგორიცაა, თვითდახმარების მიზნით სხვადასხვა ობიექტებში, არაადეკვატურ და საფრთხის შემცველ გარემოში მცხოვრები პირები და მათი საჭიროებები, უმეტესწილად უგულებელყოფილია" -წერია განცხადებაში.

EMC მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას აკისრებს, რამდენადაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების არდანახვას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და საზოგადოების გულგრილობას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.

განცხადების სრულად სანახავად გადადით ლინკზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი