მეორე თვეა ბათუმში ქუჩის ძაღლების მოვლას მერია ვერ ახერხებს - ტენდერი მეორედ არ შედგა

04 თებერვალი 2020, 16:12 1109 ნახვა

თვეზე მეტია ბათუმში უპატრონო ძაღლების მოვლა-პატრონობის პროგრამა შეჩერებულია. მერიის მცდელობები ტენდერით რომელიმე კომპანია დაეეინტერესებინა ორჯერ უშედეგოდ დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და შესაბამისად იგი არ შედგა.

აღნიშნულ მომსახურებას წლების განმავლობაში კომპანია "სევერი" ახორციელებდა. მათ ხელშეკრულება 25 დეკემბერს ამოეწურა.

კომპანიაში აჭარის მაუწყებელს გვითხრეს, რომ ტენდერში მონაწილეობა თავშესაფარში არსებული სარემონტო სამუშაოების გამო ვერ მიიღეს.

როდიდან და რა ფორმით გაგრძელდება პროგრამა ბათუმის მერიაში ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. უწყებაში გვითხრეს, რომ ისინი ამ ეტაპზე შესყიდვების  სააგენტოდან თანხმობას ელოდებიან ხელშეკრულების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გასაფორმებლად. 

"ცვლილებებს საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა და დრო სჭირდება, ამიტომ გადაწყდა, რომ მიგვემართა შესყიდვების სააგენტოსთვის და ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებულიყო. საუბარია ორთვიან ხელშეკრულებაზე, სანამ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებას განიხილავს და ტენდერი თავიდან გამოცხადდება. შესყიდვების სააგენტოდან პასუხს უახლოეს დღეებში ველოდებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება დაახლოებით ერთ კვირაში იმ ფაქტიური შესრულების მიხედვით გაფორმდება, რაც კომპანიას შარშან დაუფიქსირდა"-გვითხრეს აჭარის მაუწყებელს ბათუმის მერიაში.

რას იზამს მუნიციპალიტეტი იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო ერთ პირთან მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, მერიაში საკითხზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ. 

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას  წლის განმავლობაში 2000 უპატრონო შინაური ცხოველის, ძაღლებისა და კატების დაჭერა, ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პროცედურები, ტრავმირებული ცხოველების მკურნალობა უნდა განეხორციელებინა.

ბათუმის მერიამ ტენდერი ორჯერ 252 ათას ლარზე გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში