აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის, სამი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ბრალდებული ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.
მეორე ბრალდებული, რომელიც 1986 წელსაა დაბადებული, მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანას ედავება. სამართალდამცველებმა მისგან „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 10 აბი ამოიღეს.
რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვისაა დაკავებული, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.