სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხება ბათუმში გასული წლის 18 მაისს “იდენტობას” ბათუმის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ ლექციის – “17 მაისი – თავისუფლების ილუზია” – ჩაშლას. მაშინ უნივერსიტეტმა და საჯარო ბიბლიოთეკამ უარის მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელეს.
სახალხო დამცველი რეკომენდაციის სახით მოუწოდებს ბსუ-სა და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, შეიმუშავონ დისკრიმინაციის აკრძალვისა და პრევენციის პოლიტიკის შიდა დოკუმენტი და მომავალი საქმიანობა წარმართონ თანასწორობის პრინციპის დაცვით. სახალხო დამცველის დასკვნას არ ეთანხმება საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია, აცხადებენ, რომ ამერიკულ კუთხეში ფანჯრის გამოცვლა იყო დაგეგმილი, ამას კი ღონისძიების გამო ვერ გადადებდნენ. ხვალ, რომ მოისურვონ ამ ორგანიზაციის წევრებმა ლექციის ჩატარება, დაუთმობენ თუ არა ფართს - კითხვაზე დირექტორი გვპასუხობს, რომ მზადაა ომბუდსმენის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.