აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბათუმში დაკავებული 4 ბრალდებული, ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრია. მათ შორის ერთ-ერთი კი, აბაშიძის ოჯახის დაცვის ყოფილი უფროსი ზედმეტსახელად - ჩაკი.
სუს-მა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში დანაშაულებრივი ჯგუფი, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას გეგმავდა. ჯგუფი საქართველოს ექვსი და ერთი უკრაინის მოქალაქისგან შედგებოდა. 2 პირის თბილისში, ხოლო 4 ბათუმში აიყვანეს. ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს, მკვლელობა სავარაუდოდ უკრაინელმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დაუკვეთეს. ორი ადამიანის მკვლელობა ავტომანქანაში დისტანციური ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟებით იგეგმებოდა.
„ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს ექვსი მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს ორი მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.
საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.