საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კლინიკა ''მედინაში'' იმყოფებოდა. უწმინდესმა სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ილია მეორემ საავადმყოფოში დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო.
უწმინდესმა ცენტრის დატოვების დროს დაცვის თანამშრომლებს მიმართა და ჟურნალისტებს გადაღების საშუალება მისცა. კადრებში ჩანს, რომ პატრიარქი ტერიტორიას ავტომობილით ტოვებს. ილია მეორე კლინიკაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრისთან ერთად იმყოფებოდა.
ნეიროქირურგი გოგა ვალიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს აწუხებდა ტკივილი წელის არეში, მას ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა და კლინიკიდან გაეწერა. ექიმის განმარტებით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
თავდაპირველად კი ''მედინაში'' ჟურნალისტებს უთხრეს, რომ უწმინდესი არ უნახავთ და ის კლინიკაში არ ყოფილა.
დღეს დილით დეკანოზ იოანე გორელიშვილმა განაცხადა, რომ ილია მეორეს კლინიკაში გეგმიური კვლევები უნდა ჩაუტარდეს. "პატრიარქი რამდენიმე დღეა აჭარაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას უწევდა გეგმიური კვლევა და გადაწყვიტა, რომ რადგან აჭარაში იმყოფება, აქვე ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში ჩაეტარებინა გამოკვლევები. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ გეგმიური კვლევაა, რომელიც 2018 წლის შემდგომ არ ჩაუტარებია და ახლა უწევდა"-განაცხადა აჭარის მაუწყებელთან საუბრისას დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.