კურორტ "გოდერძიზე" ვერტმფრენი იფრენს. პირველ რეისს ავსტრიული კომპანიის ვერტმფრენი კურორტზე 18 იანვარს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თანამედროვე ტიპის ვერტმფრენი „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება.
აღნიშნული ავსტრიული კომპანია ფრენებს გოდერძის გარდა მესტიასა და ყაზბეგშიც განახორციელებს.
''ფრენები მოემსახურება ჰელისკი ტურებს, რაც ვერტმფრენით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ეს არ არის პუნქტებს შორის რეგულარული ფრენა'' - გვითხრეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
სააგენტომ ავსტრიულ კომპანია „Wucher Helicopter Gmbh“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.
სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, „Wucher Helicopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში ოპერირებას, 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით განახორციელებს.
ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).