ვირუსის გამო, სკოლებსა და ბაღებში სწავლა არ გადაიდება

10 იანვარი 2020, 11:42 8011 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გამო სკოლებში არდადეგების გახანგრძლივება არ იგეგმება და სასწავლო პროცესი დაგეგმილ დროს, ოთხშაბათს, 15 იანვარს განახლდება. 

ანალოგიურ დროს იწყება სწავლა კერძო სკოლებშიც. 

რაც შეეხება ბაღებს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბაღების გაერთიანებაში უთხრეს, რომ საამღზრდელო პროცესი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც 15 იანვარს განახლდება. მამუკა შამილიშვილის განცხადებით, შენობების დეზინფექცია ჩატარდა, გამკაცრებულია ზომებიც. 

მისივე თქმით, პედაგოგებსა და აღმზრდელებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც ჩატარებული აქვთ.

''დეზინფექცია და გენერალური დასუფთავება ჩატარდა. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ზედაპირები, ოთახები. გრიპის სეზონის დროს ყოველთვის გაძლიერებულია კონტროლი. ექთნები დგანან შესასვლელში და ამოწმებენ, რომელი ბავშვს ხომ არ აღენიშნება გრიპის სიმპტომები. მშობლებს სთხოვენ სახლში წაიყვანონ'' - ამბობს ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. 

გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველს ვერც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ხედავენ. პაატა იმნაძის განმარტებით, სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი