პროტესტის ჩაშლა და მისი გადაფარვა ბავშვთა ატრაქციონებით უკიდურესაც ცინიკურია - EMC 

31 დეკემბერი 2019, 13:50 1322 ნახვა

''იმ პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოება გლოვობს ახალგაზრდებს, რომელთა გარდაცვალებაშიც პირდაპირ ან სტრუქტურულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთბა, ამ საკითხებზე გამართული პროტესტის ჩაშლა და მისი გადაფარვა ბავშვთა ატრაქციონებით უკიდურესაც ცინიკური'' - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პარლამენტის წინ ღამით განვითარებულ მოვლენებს. მერიის დასუფთავების თანამშრომლებმა, პოლიციის დახმარებით კარვები დაშალეს და აქციების ატრიბუტიკისგან ტერიტორია გაწმინდეს. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მერიის ქმედება უხეშად არღვევს აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

''საქართველოს კანონმდებლობით, კარვის დადგმა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა და იმ პირობებში, როდესაც მისი განთავსება საზოგადოებრივ წესრიგს, ტრანსპორტის გადაადგილებას ან/და სხვა საჯარო ლეგიტიმურ მიზანს არ ეწინააღმდეგება, სახელმწიფოს მისი დაცვის ვალდებულება აკისრია. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას.

მოცემულ შემთხვევაში კარვები პარლამენტის წინ ტროტუარზე იყო განთავსებული და ის რაიმე დისკომფორტს სხვა მოქალაქეებს ან საზოგადოებრივ მშვიდობას და წესრიგს არ უქმნიდა. საბავშვო წყლის საზაფხულო ატრაქციონის მაინცდამიანც შეკრების ​თავისუფებით სარგებლობის ადგილას გამართვა კი არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადო ლეგიტიმურ მიზნად. მითუფრო, რომ მერიას შეკრების ორგანიზატორებთან ჯეროვანი კომუნიკაცია და სხვა დროითი და ტერიტორიული ალტერნატივების შეთავაზება არ მოუხდენია და პირდაპირ დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

ჩამოთვლილი გარემოებები შეკრების თავისუფლებაში არააუცილებელ და არაპროპორციულ ჩარევას აჩვენებს. ამ პირობებში EMC მიიჩნევს, რომ მერიის და შსს-ს მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ ამგვარი სტრატეგიების გამოყენება ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ მძიმე პრაქტიკის უგულებელყოფაა, სადაც სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთება'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი