„ავტოსკოლები ჯეროვნად ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი ვერ აძლევენ იმ ცოდნას მომავალ მძღოლებს, რაც გზებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,“- ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს. ეკა ლალიაშვილის განმარტებით მნიშვნელოვანია, ავტოსკოლების ლიცენზირებაზე გამახვილდეს ყურადღება. იგი აქცენტს ახალბედა მძღოლებსა და არასრუწლოვნებზე აკეთებს.
ამასთან ამბობს, რომ კანონი ძალაში უახლოეს პერიოდში შევა და მართვის მოწმობის აღება მხოლოდ 18 წლიდან იქნება შესაძლებელი. ავტოკატასტროფების და ასობით ტრაგედიის ფონზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობასთან ერთად, მართვის მოწმობების გაცემის კუთხით კანონის გამკაცრებაზე დიდი ხანია საუბრობენ. ასევე, წლებია აანონსებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოცდის გამკაცრებას, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ.