Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა

21 დეკემბერი 2019, 12:28 3483 ნახვა

Facebook-მა 418 ქართული ანგარიში, 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში წაშალა.

კომპანია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გამოძიების მიხედვით, გვერდები საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები. 
"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები. იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,"- წერია განცხადებაში.

Facebook-სა და Instagram-ზე სხვადასხვა სახის რეკლამირებისთვის, $316 000-ია დახარჯული.

Facebook-ის პოლიტიკის საფუძველზე სოციალური ქსელი აუქმებს ისეთ ანგარიშებს, რომელთა მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მათ შეხედულებებზე გავლენის მოხდენაა. 

Facebook-ის პარალელურად ამ ანგარიშებს DFRLab-იც ამოწმებდა. ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ფეისბუქის მიერ გაუქმებული  გვერდები საქართველოს შიდა აუდიტორიაზე მუშაობდა და საზოგადოებაში უთანხმოების შეტანას ცდილობდა.

გვერდების მიერ ვრცელდებოდა ის მასალებიც, რაც მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობაში მისი მოკავშირეების პოზიციებს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და ცდილობდა საქართველოს დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი აშშ-ის დისკრედიტაციას.


Facebook-ის მიერ გაუქმებული ანგარიშები ასევე მოიცავდა ისეთ გვერდებს, რომლებიც ორიენტირებული იყო რელიგიაზე, სენსაციურ ახალ ამბებზე და მიმების გავრცელებაზე. მათი გამომწერების რიცხვი კი, 400-დან 11 000 მდე მერყეობდა. ფეისბუქის ადმინისტრაციის განმარტებით, 442 300 ათას ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან მეტი ასეთი ჯგუფი, 52 ათასი მომხმარებელი იმყოფებოდა წაშლილ ჯგუფებში და 2100 ადამიანი ყალბ ინსტაგრამ ანგარიშიდან იღებდა ინფორმაციებს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი