სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

01 ნოემბერი 2023, 11:11 1161 ნახვა

სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია - ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მისი მფლობელი ილონ მასკი წერს.

სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა.

როგორც "Starlink"-ის ვებგვერდზეა მითითებული, ინტერნეტის მიმღები დანადგარის ღირებულება საქართველოში 1 780 ლარი, მისი ჩამოტანა 235, ხოლო სერვისის ყოველთვიური საფასური 160 ლარი იქნება.

SpaceX-ის პროექტი "Starlink"-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი არასაიმედო, ან მიუწვდომელია.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომისიამ ილონ მასკის „სტარლინკს“ ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა.

"სტარლინკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტსისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.

„სტარლინკი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტდაფარვის არმქონე დასახლებებში. „სტარლინკის“ დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში