მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. დოკუმენტს მხარი მხოლოდ ერთმა მრჩეველმა არ დაუჭირა. სამი კი მომხრე იყო. ბიუჯეტი დაახლოებით მილიონ 600 ათასი ლარითაა გაზრდილი და 10 305 000 ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი თანხა, ნახევარი მილიონი ლარი, ტექნიკური შესყიდვებისთვის დაიხარჯება. საკითხზე მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ ისაუბრა. ჯემალ გვეტაძე ამბობს, რომ თანხით კამერებს, სამონტაჟოებს და ჩართვის აპარატებს შეიძენენ. გარდა ამისა, 80 000 ლარია გათვალისწინებული ტელევიზიის შენობის პროექტირებისათვის, თუმცა დღეს მენეჯმენტის წარმომადგენელს დეტალებზე არ უსაუბრია. გვეტაძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე საუბარი ამ ეტაპი არ არის, მიმდინარეობს კონსულტაციები, განიხილება სხვადასხვა წინადადება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა თამარ წილოსანს, რომელმაც ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, შენობის საკითხზე მეტი თანხა უნდა ყოფილიყო მობილიზებული. მას შენიშვნები ჰქონდა ტექნიკურ შესყიდვებთან დაკავშირებითაც. მრჩეველი თამარ წილოსანი ამბობს, რომ თანხების მეტი ნაწილი შინაარსობრივ მხარეზე, ანუ ისეთ პროექტებზე უნდა გამოყონ, რომლებიც პრიორიტეტების შესრულებაზე აისახებოდა.
სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო კიდევ ერთ საკითხზე. საბჭომ დებულებიდან ამოიღო ის მუხლი, რომელიც გარე წარმოების შესყიდვაზე მენეჯმენტს მრჩეველთა საბჭოს თანხმობა სჭირდებოდა. საბჭოს წევრების თქმით, ამ მოთხოვნით მათ დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მიმართა. მრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მათ უფლებამოსილებას ნამდვილად სცდება და მენეჯმენტის კომპეტენციაა. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა თქვა, რომ ეს იყო ერთგვარად ''მიტაცებული ფუნქცია''. მისი განმარტებით, როცა ფინანსური შესყიდვებია, რომლებიც აღემატება ბიუჯეტის 1%-ს მრჩეველთა საბჭოს შეთანხმება მაინც ხდება. ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა თამარ წილოსანი და დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებას ითხოვდა.
დღესვე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ჰონორარის გაზრდაზეც უნდა იმსჯელონ.