ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ე.წ. ბრიტანელი ჯარისკაცების სახლის ადგილას 24 სართულიანი კორპუსი შენდება. ამ ეტაპზე საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიისგან, ცოტა ხნის წინ მიიღო.
სახლის მშენებლობის დაწყებას წინ უძღოდა ძველი ობიექტის უკანონოდ დანგრევა და ტერიტორიის ნებართვის გარეშე შემოღობვა. კომპანია ''ემ ჯი ემ გრუპი'' დაჯარიმდა კიდეც, რამდენჯერმე კი გაფრთხილებაც მიიღო. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ თავდაპირველად კომპანიამ ნებართვა 25 სართულიანი კორპუსის ასაშენებლად ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. განსხვავებული ინფორმაცია ეწერა მაშინ კომპანიის საიტზეც. ვებ-გვერდზე 36 სართულიანი სახლის მაკეტი და ანოტაცია იყო გამოქვეყნებული.
საცხოვრებელი კორპუსის ახალი პროექტი საიტზე ახლაც დევს, მაკეტში არ ჩანს, თუმცა კორპუსის მიმდებარედ რამდენიმე მრავალსართულიანი სახლია, მათ შორის წინ, ზღვის მხარეს 25 სართულიანი ობიექტი.
სახლი, სადაც წლების წინ ბრიტანელი ჯარისკაცები ცხოვრობდნენ, ერთ წელზე მეტია ცარიელია. ოჯახები კომპანიამ ქირით გაიყვანა.
24 სართულიანი სახლის მომიჯნავედ 5 სართულიანი კორპუსია. იქ მცხოვრებლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, რომ ინვესტორი მოლაპარაკებებს მათთანაც აწარმოებს, თუმცა საბოლოო შედეგამდე ჯერ ვერ მივიდნენ.
ამავე თემაზე: კომპანია ''ემ-ჯი-ემ''-ს მერიის ნებართვა არ აქვს, თუმცა სახლს დასანგრევად ამზადებს
კომპანიამ სამშენებლო ჯებირი ტროტუარზე ისე ააშენა, მერიისგან არც ნებართვა მიუღია და არც დაჯარიმებულა
40 დღეა მერიაში დაზუსტებით ვერ ამბობენ, აქვს თუ არა კომპანიას ტროტუარის ჩახერგვის უფლება
სახლის უნებართვოდ ნგრევისთვის ბათუმის მერიამ კომპანია გააფრთხილა