40 დღეა მერიაში დაზუსტებით ვერ ამბობენ, აქვს თუ არა კომპანიას ტროტუარის ჩახერგვის უფლება

26 დეკემბერი 2018, 00:00 5046 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის 116 ნომერთან ტროტუარზე რკინის ბოძები კომპანია MJM Group-მა უნებართვოდ 16 ნოემბერს დაამონტაჟა.

იმავე დღეს მერიის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს და ნებართვის წარდგენა ან ჯებირების დემონტაჟი მოსთხოვეს. გაფრთიხლების შემდეგ, კომპანიამ ნებართვისთვის მერიას მიმართა.

 როგორც ბათუმის  არქიტექტურის სამსახურში ამტკიცებენ (ნებართვის ასლი მერიამ არ მოგვაწოდა, გვითხრეს რომ საჯარო ინფორმაციას მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემდეგ მოგვცემდნენ), რადგან მშენებლობის ნებართვა კომპანიას გორგილაძის #116 ჯერ აღებული არ აქვს, ვერც ტროტუარის ჩახერგვის ნებართვა მისცეს.  

როგორც მირიან მეტრეველი ამბობს, ღობის გაკეთების ნებართვა მხოლოდ მენაშენეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე გასცა. კომპანიის საკუთრებას საჯარო სივრცე და ტროტუარი არ წარმოადგენს, მიუხედავად ამისა, რკინის ბოძებით და ღობით ჩახერგილი ტროტუარი ამ დრომდე არ გათავისუფლებულა. უფრო მეტიც, 40 დღის  შემდეგ, კომპანია MJM Group-მა სამშენებლო ჯებირის გაკეთება დაასრულა, რკინის კონსტრუქცია ხის მასალებით შეფუთა, საფეხმავლო ბილიკი სრულად მოაწყო და გადახურა, ასევე ნაწილობრივ ჩახერგილი ავტობუსის მოსაცდელი.  

ბათუმის მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტოს უფროსი, რომელიც უნდა ამოწმებდეს და აჯარიმებდეს კანონდარღვევებს, ამბობს რომ კომპანიამ ნებართვა წარმოადგინა. არქიტეტურის სამსახურის უფროსის განცხადების თაობაზე, რომ ტროტუარის ჩახერგვაზე არ ყოფილა ნებართვა გაცემული, ინფორმაცია არ აქვს. 

"ჩვენ ერთხელ გავაფრთხილეთ და მივეცით 10 დღიანი ვადა, შემდეგ კომპანიამ წარმოადგინა მერიიდან ნებართვა სამშენებლო ღობის მოწყობაზე. თუ რაიმე შეცდომაა გადავამოწმებთ" -  გვითხრა სატელეფონო საუბარში ჯუმბერ კობალაძემ. მანამდე გვარწმუნებდა, რომ კომპანიას ტროტუარი სრულად არ აქვს ჩახერგილი, რომ მეზობლები ურეკავენ ტელევიზიას ყველა ლურსმნის მიჭედებაზე და ა.შ. 

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ სამშენებლო სექტორში ყველაფერი კონტროლდება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს მერმა ურჩია, რომ კონკრეტულ საკითხზე პასუხები არქიტექტურის სამსახურში მოგვეძია. 

''შემიძლია გითხრათ ის, რომ ყველა მშენებლობა, იქნება ეს თავად ნებართვის გაცემა თუ სამშენებლო მიზნებით ღობის მოწყობაზე ნებართვის გაცემა, ბათუმის მერიისგან მკაცრს კონტროლს ექვემდებარება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ კომპანიას მომართული ჰქონდა სამშენებლო ღობის ნებართვით და ვვარაუდობ, რომ შესაბამისი ნებართვა გაცემულია. თუმცა უფრო კონკრეტული პასუხის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ არქიტექტურის სამსახურს. დეტალებზე პასუხს იქ გაგცემენ'' - ამბობს ლაშა კომახიძე.

ამ საკითხზე არქიტექტურის სამსახურსა და მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტოს რამდენჯერმე დავუკავშირდით. მესამედ, დამატებითი განმარტებები ​ არქიტექტურის სამსახურში არ გააკეთეს.  ნებართვის ასლის მოწოდებაზე კი ოფიციალური წერილის მიწერა გვთხოვეს, რაც დღეს ინფორმაციის გამოტანას გამორიცხავს. 

კომპანია MJM Group-ის  საიტზე მითითებული საკონტაქტო ნომრები გათიშულია.  ვებ-გვერდზე სახლის მაკეტი უკვე დევს.  ინვესტორმა ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მერიისგან მშენებლობის ნებართვას, თუმცა  ტერიტორიიდან გასახლებული ჰყავს ოჯახები ქირით, აქვს სამშენებლო ღობეც და ახალი სახლის მაკეტი, რომელსაც სთავაზობს პოტენციურ მყიდველებს. 

ამონარიდი საიტიდან: "კომპანია MJM Group გთავაზობთ საცხოვრებელ ბინებს ახალმშენებარე 36 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც შენდება ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ. 114/116-ში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.

მშენებარე ობიქტის ყველა ფასადს ეფინება მზის სხივები. შენობის სართულები დერეფნული დაგეგმარებითაა მოწყობილი და სადარბაზოები ერთმანეთთან დაკავშირებულია. ფასადის მოპირკეთება მისაღებია ყველა გემოვნების მქონე მყიდველისათვის. შენობას გააჩნია მოხერხებული ეზო და საპარკინგე ფართები. პირველი და მეორე სართულების კომერციული დანიშნულება, ასევე პასუხობს მყიდველის მოთხოვნას".

 მარკეტში არ ჩანს, თუმცა სახლს რამდენიმე მაღალსართულიანი სახლი აკრავს. მათ შორის მის წინ 25 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს. 

 

ამავე კატეგორიაში