ბათუმში, გორგილაძის 116 ნომერთან ტროტუარზე რკინის ბოძები კომპანიამ უნებართვოდ 16 ნოემბერს დაამონტაჟა. მაშინ კომპანია მერიამ გააფრთხილა და ნებართვის წარდგენა ან ჯებირების დემონტაჟი მოსთხოვა. 27 დღის შემდეგ, ისევ ნებართვის გარეშე, კომპანია "ემ-ჯი-ემ"-მა სამშენებლო ჯებირიც გააკეთა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც დაიწყო.
ტროტუარი სამშენებლო ღობემ მთლიანად ჩაკეტა.
ჯებირით ინვესტორი იმ ტერიტორიის შემოფარგვლას ცდილობს, სადაც მოგვიანებით, სავარაუდოდ, მრავალსართულიანი სახლი უნდა ააშენოს, თუმცა ნებართვა მერიისგან არც მშენებლობაზე აქვს მიღებული.
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ კომპანიამ ტროტუარზე ჯებირის მოსაწყობად ნებართვა მალევე ითხოვა, თუმცა არ დაუკმაყოფილეს. მშენებელს მხოლოდ იმის უფლება მიეცა, საკუთარი მიწა (საკადასტრო რუკის მიხედვით) შემოეღობა და მოქალაქეები არ შეეფერხებინა, ანუ არ დაეჭირა საფეხმავლო ბილიკი.
არქიტექტურის სამსახური უფროსს მირიან მეტრეველს ვკითხეთ, შედიოდა თუ არა საკადასტრო ნახაზში ტროტუარი, რაზეც გვითხრა რომ არა.
ვინაიდან მშენებელს საფეხმავლო ბილიკის შემოღობვის ნებართვა არ ჰქონდა, კანონმდებლობით კომპანია ''ემ-ჯი-ემი'' მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს უნდა დაეჯარიმებინა, რადგან 16 ნოემბერს, დილის 9 საათზე, მშენებელმა გაფრთხილება უკვე მიიღო და 10 დღიანი ვადაც ჰქონდა ნებართვის წარსადგენად ან კონსტრუქციის დასაშლელად.
27 დღის შემდეგ, კომპანიამ არათუ დემონტაჟი განახორციელა, მთლიანად ჩახერგა საფეხმავლო ბილიკი. მერიაში კი მთელი დღის განმავლობაში არკვევენ დააჯარიმეს თუ არა კომპანია. მანამდე კი ირწმუნებოდნენ, რომ მშენებელს ნებართვა სამშენებლო ღობის მოსაწყობად ჰქონდა.
გორგილაძის 116 ნომერში, სავარაუდოდ ახალი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აიგოს. ოჯახების ნაწილი ინვესტორმა ქირით უკვე გაიყვანა. მათთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახლის დიდი ნაწილი დაცლილი და დანგრეულია.
ორსართულიან კორპუსში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ოჯახი რჩება, მოლაპარაკება აღნიშნულ პირებთანაც შედგა, თუმცა სახლის დანგრევამდე და მერიისგან ნებართვის მიღებამდე საცხოვრებელს არ ტოვებს.