თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ ხულო-ზარზმის პროექტზე ყოველდღიურად მუშაობენ

11 დეკემბერი 2019, 17:23 2909 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი არადამაკმაყოფილებელია და ისინი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ გზის მშენებლობა დაჩქარდეს.

თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედებები არ განეხორციელებინათ.

"ხულო-ზარზმის გზასთან დაკავშირებით ადგილობრივებისა და ტურისტების შენიშვნები მიღებულია. მერწმუნეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ კონკრეტული ქმედებები არ გაგვეხორციელებინა ამ პროექტთან მიმართებაში. შევძელით ის, რომ ზაფხულში კონტრაქტორმა დაიწყო მობილიზება. კონტრაქტორს გააჩნია რიგი გამოწვევები, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური და ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ერთად მუშაობას, რომ ეს პროგრესი იყოს ხელშესახები და დავასრულოთ იმ ვადებში, რაც იყო კონტრაქტით გათვალისწინებული. თუმცა არის საკითხები, რომლებიც ისე ოპერატიულად ვერ წყდება, როგორც ვისურვებდით"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ  ამ გზის მშენებლობას  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა  კურორტ "გოდერძისთვის" აქვს.

"ამ გზის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია კურორტ გოდერძის განვითარებისთვის. "გოდერძი" არის ჯერ კიდევ განვითარებადი კურორტი, რამდენიმე წელი დასჭირდება მის საბოლოო ფორმირებას, რომ ის გახდეს მსოფლიო დონის და კლასის კურორტი. ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ რიგ ღონისძიებებს. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების ნაწილი და ამ მიმართულებით ყველა უწყება ვკორდინირებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის შესაძლებლობა და შესაბამისი პუნქტები. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე კონკრეტული პროექტები გვაქვს, რომელთა განხორციელებასაც მალე დავიწყებთ. ასევე გაზიფიცირება. ჩვენ წელს ყველანი ერთად ავანთებთ გაზს კურორტზე"- ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ხელშეკრულებით, გზის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. მიუხედავად  დარჩენილი მცირე ვადებისა, მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს და უშუალოდ გზის დაგება არ დაწყებულა.

29 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე კი, ამ თემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პროექტი  ნელი ტემპით მიმდინარეობს და  სახელმწიფო სამუშაოების დასაჩქარებლად ყველა მექანიზმს გამოიყენებს. 

ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანია ,,ტოდინში” განმარტავენ, რომ სამუშაოები ამ ეტაპზე ორ ადგილზე -  მერვე და ოცდამეერთე კილომეტრზე მიმდინარეობს. ირწმუნებიან, რომ პროცესი შეჩერებული არაა და საექსკალაციო სამუშაოები გრძელდება. 

ის, რომ მთის კურორტზებზე ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემა ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი