დისკომფორტის შექმნა დღეს „ალტერნატივას“ და „შეცვალეს“ წევრებმა აჭარის მთავრობისთვისაც სცადეს. აქცია აპარატის შენობასთან გაიმართა, შენობაში კი სხდომა მიმდინარეობდა.
აქტივისტებმა შენობასთან ჩემოდნები მიიტანეს - პერფორმანსის სახელი იყო „შენწადი.“ სასტვენების ხმა სხდომათა დარბაზში ისმოდა. შეექმნა თუ არა თორნიკე რიჟვაძეს დისკომფორტი არ ვიცით, რადგან იგი მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად არ გამოსულა.
მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება გაახმოვანა - მათ შორის ცნობილი გახდა, რომ ფონდ „იალქანს“ 10 წლის ვადით სარგებლობაში შენობა გადაეცა.
თორნიკე რიჟვაძემ დღესვე ფინანსთა მინისტრის ბრძანებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც გლეხები თუთუნს აქციზის გადასახადის და დაფასოების გარეშე ჩააბარებენ. ისაუბრა ციტრუსის რეალიზაციაზეც. თქვა, რომ წელს საექსპორტო ბაზრებს ახალი ქვეყნები დაემატა.