აჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა არც გაბედოს შეეხოს საინფორმაციო გუნდს, რომელიც დახვდება - კუპრაშვილი 

20 ნოემბერი 2019, 15:02 3113 ნახვა

ახალ ხელმძღვანელს გულწრფელად ვურჩევ, რომ არც გაბედოს შეეხოს იმ საინფორმაციო გუნდს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დახვდება '' - აცხადებს ​ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დირექტორი. ნათია კუპრაშვილის თქმით, ეს უკანონო კონკურსია.

''ეს კონკურსი გამოცხადებულია წინა დირექტორის იმპიჩმენტის ფონზე, რომელსაც რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. მისთვის, რომ ეცლიათ ყოფნა თავის პოზიციაზე, ამ დროისთვის კონკურსი მაინც გამოცხადდებოდა. ​ჩემთვის ეს მაინც უკანონო კონკურსია, რომელიც ასე უცნაურად მიდის. საინფორმაციო გუნდმა არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით დაადასტურა, რომ ასეთი გუნდია და მუშაობა საზოგადოებრივ მაუწყებელს აჭარაში დღემდე არ ჰქონია. 

თუ მათ შეეხებიან ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში ცუდად დასრულდება საზოგადოებისთვის. არცერთი ადამიანი, ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას საბოლოო ჯამში პასუხისგების გარეშე არ დარჩება.  

გუნდს მინდა მივმართო, დადგნენ მყარად, მათთვისაც არ უნდა ყოფილიყო ეს ამბავი მოულოდნელი, განაგრძონ მუშაობა ბოლომდე. არსებობს უფლებები, რომლის დაცვაც შესაძლებელია ჩვენი დემოკრატიის პირობებში, ამიტომ მყარად იდგნენ'' - მიმართავს ჟურნალისტებს ნათია კუპრაშვილი. 

მისივე თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ აჭარის მაუწყებელი საქართველოს სატელევიზო ბაზარზე კარგად პოზიციონირებს. 

''ვინც აკვირდება აუდიტორიის კვლევებს მათთვის ცხადია, როდესაც ძვრები მოხდა სატელევიზიო ბაზარზე აჭარის მაუწყებელს დაეწყო აუდიტორიის ზრდა და ნდობა იზრდება. როგორც მაყურებელი შემიძლია გითხრათ, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური კუთხით აჭარის მაუწყებელი არის ერთ-ერთი ძლიერი აქტორი, ეს სახეზეა, ამას ვერავინ ვერსად წაუვა.  ასეთი მოცემულობა დახვდება ახალ დირექტორს, თუ ის ეცდება, რომ პროგრესისკენ მიმავალ საინფორმაციო ნაწილს შეეხოს, მას როგორც მენეჯერს გაუჭირდება დასაბუთება რა მოელანდა ასეთი, რას ერჩის ამ კადრებს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს იქნება ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა. ვიმედოვნებ, რომ ასეთ სისულელეს, ვინც არ უნდა იყო ის არ ჩაიდენს'' - ამბობს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დირექტორი.

რა პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო თვეების განმავლობაში:

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი განხორციელდა. 

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ, სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან 4 მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. 

მეოთხე კონკურსი ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. რის გამოც, ისე დაუსრულდა უფლებამოსილება მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ დირექტორი ვერ აირჩიეს. 

მედია ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სასამართლოს დახმარებით ხელოვნურად გაჭიანურდა, ვინაიდან ძველი მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვერ აარჩევინეს ის კანდიდატი, რომელიც სჭირდებოდა ხელისუფლებას. წინა კონკურსების დროს, საბჭოს უკვე ყოფილი წევრები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ორი საბჭოს წევრი სისტემატიურად სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს და სამი წევრს ჰქონდა შანსი, მაუწყებლის დირექტორად აერჩიათ პირი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა პოლიტიკური გავლენებისგან. 

ყოფილმა მრჩეველმა ბეჟან გობაძემ თქვა, რომ  5 წევრიდან ორ ხმას სამთავრობო კანდიდატი იღებდა. ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე კი ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორის არჩევაზე კონსულტაციები, სამ მრჩეველს შორის ხდებოდა.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილის ამბობდა, ჰქონდა მოლოდინი, მე-4 კონკურსზე, აერჩიათ დირექტორი, კონსესუსი სამ მრჩეველს შორის შედგებოდა. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამთავრობო კანდიდატების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ არც ბევრი დრო ჰქონია და არც სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა საქმიანობით დაინტერესებულიყო. 

მედიაექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კონკურსის შეჩერებამ მისცა შანსი უკვე ახლად დაკომპლექტებულ მრჩეველთა საბჭოს აერჩია დირექტორი, რომლის უმრავლესობა - ანუ სამი წევრი, მართველი პარტიის კვოტით არის წარდგენილია და არჩეული. 

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებად მიიჩნიეს, დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს და განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი