სახალხო დამცველი ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ძალისხმევა არ დაიშურონ. ნინო ლომჯარიას განცხადებაშია აღნიშნულია, რომ დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა შეძლებისდაგვარად დაცული იყოს საქართველოს მოქალაქის უფლებები და მოხდეს მისი უსაფრთხოდ დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველს აღნიშნულთან დაკავშირებით აქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.
ამასთან, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გადაადგილების/მიმოსვლის თავისუფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლით.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმაც გამოუცხადეს. სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება.