მესამე სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის ჩაგდების ფაქტს აფასებენ და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იყო მთელი საზოგადოების მოთხოვნა, რომელსაც მხარს უჭერდა ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.
"ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაუმსახურებლად მიისაკუთროს საპარლამენტო მანდატები.
ხელისუფლებისთვის ცხადი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა და გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ის ბოლო დღეებში თავად უწყობდა ხელს ამ მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ძველი საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით.
მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს."-წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 17 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს.