ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვასთან ნაგავსაყრელია მოწყობილი - მოქალაქის წერილი

06 ნოემბერი 2019, 16:29 2322 ნახვა

ახალი ბულვარის მიმდებარედ, ტერიტორია  ნაგავსაყრელადაა ქცეული - ამის შესახებ  მოქალაქე გვწერს, რომელმაც  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს  ფოტოები მიაწოდა.  ფოტოებიდან ჩანს, რომ მწვანე საფარზე სპეციალური თხრილია გაკეთებული და ის სამშენებლო ნარჩენებით თითქმის ამოვსებულია.

"ეს ყველაფერი ბოლოს ხომ ზღვაში მოხვდება... ძირითადად სარემონტო სამუშაოების ნარჩენებია" - გვწერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში  ფაქტის შესახებ ჩვენგან შეიტყვეს, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დანაგვიანების შემთხვევები ადრეც ყოფილა, ჯარიმაც გამოუწერიათ, თუმცა ბოლომდე ვერ აღმოფხვრილა.

"დარღვევების უმეტესობა ღამით ხდება, კანონდამრღვევების იდენტიფიცირება და ფაქტზე დაჭერა კი რთულია. ვუთვალთვალებთ კიდეც, თუმცა, რადგან გაშლილი ტერიტორიაა მარტივად "ვიშიფრებით". გამოსავალი სათვალთვალო კამერების მონტაჟია, რომელიც ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია,  შესყიდვა დღის წესრიგში დგას. ჯარიმებისა და გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, მხოლოდ უშუალოდ კანონდამრღვევის იდენტიფიცირების შემდეგ ხდება"- ამბობენ "სანდასუფთავების" სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიებს ძირითადად ის ფიზიკური პირები აბინძურებენ, რომლებიც ნაგვის გატანაზე მუშაობენ. აქ იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი ცხელი წერტილები ქალაქის მასშტაბით რამდენიმეა. კანონდამრღვევების იდენტიფიცირებაში  დახმარებას მოქალაქეებს თხოვენ.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, "სანდასუფთავების" სამსახურში ირწმუნებიან, რომ  მონიტორინგის ჯგუფი ფაქტს შეისწავლის და არ არის გამორიცხული, რომ ტერიტორია კიდევ ერთხელ გაიწმინდოს.

სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმა 200 ლარიდან იწყება და დანაგვიანების მასშტაბის მიხედვით იზრდება. 

ამ ეტაპზე მონიტორინგის სამსახურში 4 ინსპექტორი მუშაობს, რომლებსაც ერთი მანქანა ემსახურებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში