თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ვინაობა ცნობილია. დეპუტატებმა ''ქართული ოცნების'' ორ კანდიდატს მხარი დაუჭირეს, თამარ წილოსანი კი, დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით გავიდა.
სოსო სტურუამ 15 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის "ევროპული საქართველოს" წევრის პეტრე ზამბახიძისაც. თავის მხრივ, პეტრე ზამბახიძის წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს მმართველი გუნდის დეპუტატებმა. სოსო სტურუას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა გიორგი ცინცქილაძემ. მერაბ ბლადაძემ კი, თავი შეიკავა.
თამილა დოლიძეს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა .
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ცინცქილაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს დიანა ვაშაყმაძის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა მან საჭირო ხმები ვერ მიიღო და მხოლოდ 6 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. მათ შორის უმრავლესობიდან - დავით ბაციკაძის, ვახტანგ წულაძის, დავით თედორაძის და ნინო ჩხეიტიას.
რაც შეეხება არჩეულ პირებს, სოსო სტურუა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. ჟურნალისტი და გადაცემა "სათქმელის" წარმყვანი ირინა ყურუა ამბობს, რომ ახსოვს სტურუას მმართველობის რთული პერიოდი და ზეწოლის მცდელობა სახელისუფლებო ვერტიკალის მხრიდან.
თამილა დოლიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით, ის, იმ 103 თანამშრომელს შორის იყო, რომელიც კაპანაძის მენეჯმენტს აკრიტიკებდა. დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე ერთი დღით ადრე, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართეს, მანამდე განცხადება მრჩეველთა საბჭოში შეიტანეს . საუბარია 103 თანამშრომელზე, მათ შორის არიან სამსახურების ხელმძღვანელები. არ იყვნენ აჭარის მაუწყებლის „ახალი ამბების“ ჟურნალისტები. ხელმომწერები ამბობდნენ, რომ ემიჯნებიან ტელევიზიის სახელით გამოქვეყნებულ წერილს.
თამარ წილოსანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი თანამშრომელია, იგი აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის მოადგილის და დეპუტატის, ცოტნე ანანიძის თანაშემწეა.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა, გუშინ, 24 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭოს შერჩეული კანდიდატების მიმართ უნდობლობაზე განცხადება გააკეთეს და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებზე ისაუბრეს. საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა, მაია მერკვილაძემ და ნათია შავაძემ, საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა თეონა ბაკურიძემ და თეონა თურმანიძემ, ასევე გადაცემა ტოკ-შოუ "სათქმელის" წამყვანმა, ირინა ყურუამ.
მაია მერკვილაძემ მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველებს შორის, ჯერ კიდევ კანდიდატების რანგში, უნდობლობა გამოუცხადა და მათ ღირებულებებში შეიტანა ეჭვი.
თეონა ბაკურიძემ თქვა, რომ ყველაფერი ექვსი თვის წინ დაიწყო, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა. "ამის შემდეგ მეოთხე კონკურსზე ვიგებთ, რომ გოგა კოხრეიძე ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, აჩერებს მეოთხე კონკურსს. ახლა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა რეალურად დგას საფრთხის წინაშე. მივედით იქამდე, რომ უმაღლესმა საბჭომ ვერც კომისიის დაკომპლექტებამდე მოახერხა ისე, რომ კითხვები არ გაჩენილიყო“ - განაცხადა თეონა ბაკურიძემ.
თეონა თურმანიძემ კი თქვა, რომ ხელისუფლება ცდილობს გავლენის მოპოვებას მედიასაშუალებაზე, თუმცა არ აპირებენ დათმობას. "გამორიცხულია ეს ბრძოლა ხელისუფლებამ მოიგოს. ჩვენ ვართ ბევრი, ვართ მტკიცე პოზიციაზე და მონაპოვარს არ დავთმობთ,“ – თქვა თეონა თურმანიძემ