სტადიონებზე თამბაქოს მოწევა იკრძალება

24 ოქტომბერი 2019, 16:19 2932 ნახვა

სპორტის გულშემატკივრებს, სტადიონზე  2020 წლის 1 იანვრიდან,  თამბაქოს მოწევა ეკრძალებათ. აკრძალვა ეხება ყველა იმ სტადიონს, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაცია 500 ლარით დაჯარიმდება. 

 2018 წელს მიღებულ კანონში, სადაც მოწევა დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ სივრცეებსა და დაწესებულებებში აიკრძალა, გაკეთდა  დათქმა, რომ სტადიონზე თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნებოდა 2020 წლის პირველ იანვრამდე.

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი, სად შეიძლება და სად არა მოწევა: 

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუმცა აქ გამონაკლისი არსებობს,  მოქალაქეებს საშუალება აქვთ ტაქსსა და კატერში მოწიონ.

მოწევა დაუშვებელია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებსა და 18-წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში.

აკრძალვა ეხება სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებს. მოქალაქეები, მსგავსი ორგანიზაციების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე ვერ მოწევენ.

ასევე ბენზინგასამართ, გაზგასამართ და გაზგამანაწილებელ სადგურებში.  იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზეც, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

შეზღუდვა არ ეხება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილს, სახლში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიგარეტის მოწევა.

ასევე დაშვებულია თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს უწყების ხელმძღვანელი, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ახალი რეგულაციით თამბაქოს მოწევა შესაძლებელია, კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი