''ქართული ოცნების'' კიდევ ერთმა ფრაქციამ, მრჩეველთა საბჭოს კანდიდატად თამილა დოლიძე დაასახელა 

23 ოქტომბერი 2019, 14:23 2215 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატად, ფრაქცია "ქართული ოცნება-მაჟორიტარებმა'' თამილა დოლიძე წარადგინეს. 

ფრაქციის თავმჯდომარე ილია ვერძაძეა, წევრები კი ხვიჩა შარაშიძე, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე და მერაბ კარანაძე არიან. ხუთივე მათგანმა თამილა დოლიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

თამილა დოლიძე აჭარის მაუწყებლის მოქმედი თანამშრომელია. ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით. 

''ქართულმა ოცნებამ'' დღეს კიდევ ერთი კანდიდატი დაასახელა. ფრაქცია ''ქართული ოცნება-აჭარის'' რჩეული სოსო სტურუა გახდა. 

 

მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა 13 კანდიდატს შორის უნდა შეარჩიონ. მმართველ გუნდი, კიდევ ერთი კანდიდატის დასახელებას გეგმავს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "გამჭვირვალობა საქართველო" მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობით, მრჩეველთა საბჭოში " ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს. "​ყველა მცირე ფრაქციამ დააყენა თავისი კანდიდატურა, ამის შემდეგ უნდა დააყენოს ერთით მეტმა ფრაქციამ, ანუ ამ მოცემულობით "ნაციონალურმა მოძრაობამ" და დანარჩენი ორი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა," - ამბობს მალხაზ ჭკადუა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობის ამ პოზიციას ეთანხმება მედიაექსპერტებიც. ლაშა ტუღუში ამბობს, რომ კანონი იმგვარად უნდა წაიკითხოს, რა სულისკვეთებითაც არის დაწერილი და ის საზოგადოებრივ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში მრავალფეროვნებას გულისხმობს. 

მმართველი გუნდი არ ეთანხმება ამ პოზიციას და ამბობს, რომ კანონში არსებული ჩანაწერით სამ წევრს წარადგენს ფრაქციები, რომლებსაც ყველაზე მეტი წევრები ჰყავთ. 

მთავრობის ამ პოზიციას ეთანხმება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

ამონარიდი კანონიდან: 

''მუხლი 35​5. მრჩევლობის კანდიდატთა შერჩევა და მრჩეველთა არჩევა'

6. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ორს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ასარჩევად. ფრაქციების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საბჭოს ის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. უმაღლესი საბჭოს  ერთ წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა.

7. მრჩევლის 5 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის ფრაქცია, რომელსაც ყველაზე მეტი წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა ფრაქციები მათში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ.''

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს, ნატა იმედაიშვილს, ბეჟან გობაძეს, გიორგი ირემაძესა და ირაკლი დარცმელიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი