"მთავრობამ ფაქტიურად პროექტის საბოტაჟირება მოახდინა"- ანაკლიის განვითარების კონსორციუმი/ვიდეო/

15 ოქტომბერი 2019, 15:00 1121 ნახვა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ორი ახალი ინვესტორის პოვნა შეძლეს, თუმცა ხელისუფლებისგან მხარდაჭერა ვერ დაინახეს. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტის განხორციელება არ სურს და პირიქით, საბოტაჟის რეჟიმში მუშაობს. 

ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამერიკული და ყაზახურ-ჰონკონგურ კომპანიებს სურდათ პროექტში ჩართვა, ისინი ხელისუფლებისგან გარანტიებს ითხოვდნენ. ერთი ინვესტორი მთავრობამ დაიწუნა, მეორეს კი, მოთხოვნილი ოფიციალური წერილი არ გაუგზავნეს.  

''ჩვენი აზრით მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და მხარდაჭერა გამოეცხადებიან, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა არის აბსოლუტურად სხვა, საპირისპირო... იმის მაგივრად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ მთავრობამ ფაქტიურად, ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში ამ პროექტის  საბოტაჟირება მოახდინა.

მე მინდა მოგიყვეთ ორი კონკრეტული ფაქტის შესახებ. ჩვენ, სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, ურთულეს სიტუაციაში გვიწევდა მუშაობა, შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად მოგვეძიებია ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით, ერთი ეს იყო ყაზახურ-ჰონკონგური ჯგუფი და მეორე ძალიან მსხვილი ამერიკული კომპანია.

პირველ ინვესტორს მთავრობამ შეხვედრისას ფაქტიურად პირდაპირ დაუფიქსირდა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან ის არ იყო ამერიკული კომპანია, რამაც ჩვენშიც და ამ ინვესტორშიც შეშფოთება გამოიწვია. ეს ინვესტორები ითხოვდნენ ძალიან მარტივ რამეს, მთავრობისგან ღია მხარდაჭერას, ამის მაგივრად კი ყაზახურ ფონდს უარი ეთქვა.

ამავდროულად მოვიყვანეთ ამერიკული ფონდი, რომელიც პროექტით დაინტერესდა და მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებიან მათ მონაწილეობას, ხელისუფლება ამ წერილს დაგვპირდა, მაგრამ ადრესატს არასოდეს არ მიუვიდა'' - განაცხადა ბრიფინგზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენელმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი