ონის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში მყოფ 2 ტურისტს, სავარაუდოდ, გზა აებნა და მაშველების დახმარება დასჭირდა.
რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მაშველთა ჯგუფები ტყეში, 16 კილომეტრის მონაკვეთზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულ ტურისტებს.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს საქართველოსა და ავსტრიის დაკარგული მოქალაქეები და ისინი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს. ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება - ორივე პირი თავს კარგად გრძნობს.
საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ამბროლაურის და ონის განყოფილებების სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.